Wednesday, October 17, 2012

ნარჩენების მართვის საუკეთესო გამოცდილება შვედეთი


დღეისათვის შვედეთი, მსოფლიოში, ნარჩენების მართვაში ერთ-ერთ აღიარებულ ლიდერად ითვლება. ამ პრობლემასთან ბრძოლას ქვეყანამ სულ რაღაც 10 წელი მოანდომა და განსაცვიფრებელ შედეგებს მიაღწია.

თავდაპირველად შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რომლის შესრულებაშიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და სპეციალურ სამსახურებთან ერთად აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა. მოსახლეობის ინფორმირებებულობის გაზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, უმეტესად განაპირობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სწორად წარმართულმა ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა.

დღეს, შვედეთის თითოეულ მოქალაქეს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ  აუცილებელია ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება, რათა საბოლოო ჯამში რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ნარჩენი მივიდეს ნაგავსაყრელებამდე. ამიტომ გულდასმით ახარისხებენ ნარჩენებს ოჯახებში, ეზოებში, ოფისებში, სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში. დახარისხებული კომუნალური ნარჩენის უდიდესი ნაწილი მიდის გადამამუშავებელ ქარხნებში (97%) და მხოლოდ 3% ხვდება განსაკუთრებულად დაცულ და ტექნიკურად კარგად გამართულ ნაგავსაყრელებზე. 

პროცესი იმდენადაა დახვეწილი, რომ ქვეყანაში მყარი ნარჩენების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად  (3-4%), ნაგავსაყრელებზე გატანილი ნარჩენების რაოდენობა მცირდება. მაგალითად 2008 წელს 2007 წელთან შედარებით შემცირდა 24%-ით. ასევე ძალზედ მოწესრიგებულია ნარჩენების გადამუშავების სისტემა. შვედეთმა შესძლო, რომ 2010 წლისათვის 48%-მდე გაეზარდა ნარჩენების გადამუშავება.

შვედეთში დაინერგა ნარჩენების შეგროვების სრულიად ახალი სისტემა,  რომელმაც თითქმის ჩაანაცვლა ძველი კონტეინერული მეთოდი. ეს არის ვაკუუმის მილიანი მანქანები და მიწისქვეშა კონტეინერები. ეს სისტემები სრულიად ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს ხელით შრომას. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ნარჩენების სრულ იზოლაციას. 

დღეისათვის შვედეთში მოქმედებს 5 800 გადამამუშავებელი სადგური და 650 სპეციალური ცენტრი.

ეფექტურად გამოიყენება ნარჩენების გარდაქმნა სასარგებლო ენერგიად. ნარჩენების გადამამუშავებელი სპეციალური სადგურებიდან (ინსინატორები) საათში მიიღება 14 კვ/ტ ენერგია, რომლის 85% გამოიყენება ცენტრალური გათბობებისათვის, 25% კი ელექტროენერგიის მისაღებად. 

შვედეთში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ინსინირატორებიდან გამოყოფილი ემისიების რაოდენობა 99%-ით შემცირდა
ასეთ წარმატებებს ქვეყანა ვერ მიაღწევდა, რომ არა მისი თითოეული მოქალაქის მონდომება და მხარდაჭერა. 

დიდი მიზნები თანამიმდევრული ნაბიჯებით მიიღწევა, რაც შვედეთმა საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა.

No comments:

Post a Comment